საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელზე - პროფესიული უნარების ეროვნული სააგენტოს (SKILLS GEORGIA) კონცეფციაზე მუშაობას აგრძელებს. მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაიასთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სიღრმისეულად განიხილა სააგენტოს კონცეფცია და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ახალი კონცეფცია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და სააგენტოს დაფუძნებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხში სამინისტროსა და სავაჭრო პალატას სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
სამუშაო შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას. კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კარგი მმართველობის ფონდი (GGF), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აზიის განვითარების ბანკი (ADB), გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), მსოფლიო ბანკი (WB), Dvv international, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი_საქართველო (MCA)“ და გერმანიის საელჩო.