საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში მოწყობილ სესიაში და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მხარეებმა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სტრატეგიულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის განხორციელებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, განსაზღვრეს ინტერესის ახალი სფეროები, მათ შორის, კულტურის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შემდგომი განვითარება შემოქმედებით ინდუსტრიებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ განხორციელებული პროგრამების („შემოქმედებითი ნაპერწკალი“ (Creative Spark და Crafting Future) ფარგლებში.
დიალოგის ფარგლებში ცალკე სესია დაეთმო საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით არსებული შესაძლებლობებისა და სტრატეგიული მიმართულების განხილვას. მასში მონაწილეობა მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, ბრიტანეთის საბჭოს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძემ, ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა კლერ დე ბრეკელერმა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა მიიღეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის ინგლისური ენის, განათლებისა და ხელოვნების სფეროში არსებული თანამშრომლობა, რომლის მიზანია გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამებში ინგლისური ენის გამოყენების საკითხებზე.
სესიის ფარგლებში მინისტრთა მონაწილეობით პლენარული სხდომა გაიმართა. დიალოგს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო მდივანი, ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხების სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საქართველოს მხარემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ უფრო მეტი სასწავლო-კვლევითი სტიპენდიების გამოყოფისთვის.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატია, რომელიც თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. კორონავირუსის პანდემიის გამო, დიალოგის მეშვიდე რაუნდი წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.