პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებები რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში ლევან თაქთაქიშვილმა და მიხო მოსულიშვილმა შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან. სტუმრებმა ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში მსმენელთან დიალოგი გამართეს. მოეწყო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. გაიმართა ლექცია-სემინარები თემებზე: „ვაჟა-ფშაველა და კავკასია“, რომელიც მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 105 წლისთავს და „მიხა ხელაშვილი-არქივი“.
პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ სადახლოს სკოლის ბიბლიოთეკას სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცა.
ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკოსის - ვაგიფ მუსტაფა-ზადეს საიუბილეო თარიღთან (80 წელი) დაკავშირებით, ნაჩვენები იქნა მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმი და დედაქალაქიდან ჩასული და ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით შესრულდა ვაგიფ მუსტაფა-ზადეს ცნობილი კომპოზიციები.
ღონისძიებების ქ. მარნეულის კულტურის ცენტრისა და ქ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის 31 აგვისტოდან ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა.