საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ევროკომისიაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორთან ლოურენს მერედიტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო 2018-2020 წლის ტურინის პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, სადაც განხილული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი წლების პრიორიტეტები და პასუხი გაეცა კონფერენციის მონაწილეების შეკითხვებს.
2018-2020 წლის ტურინის პროცესის რეგიონალური კონფერენცია ონლაინ ჩატარდა განათლების ევროპული ფონდისა (ETF) და ევროკომისიის ორგანიზებით. კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილ იქნა 2018-2020 წლის ტურინის პროცესის ფარგლებში გაანალიზებული ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით არსებული ეროვნული ტენდენციები და განხილული იქნა აღნიშნული მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მიღწევები და გამოწვევები.
ტურინის პროცესი ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების პოლიტიკის, სისტემის და ადამიანური კაპიტალის განვითარების ანალიზი, რომელიც განათლების ევროპული ფონდის (ETF) მიერ 2010 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ტურინის პროცესის ძირითადი მიზანია, პროცესში მონაწილე ქვეყნების მიერ პროფესიული განათლების კუთხით განხოციელებული ღონისძიებების ეფექტურობის და პროფესიული განათლების რეფორმის პროგრესის შეფასება. გარდა ამისა, ტურინის პროცესის დამატებითი მნიშვნელობა არის რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილების გაზიარება.
საქართველოში ტურინის პროცესის განხორციელებას კოორდინირებას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი.