განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სხვა ქვეყნების მოქალაქე სპორტსმენებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება შესაძლებლობას აძლევს ქართველ სპორტსმენებს ბარიერების გარეშე დარეგისტრირდნენ სხვადასხვა სპორტულ ლიგაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სამინისტროს, საქართველოს პარლამენტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
სპორტის სამართლის სპეციალისტმა გიორგი გაბუნიამ მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობას აძლევს ქართველ სპორტსმენებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. ხსენებული ხელშეკრულება მხარეებს შორის კრძალავს დისკრიმინაციას ეროვნების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაცია ეროვნების ნიშნით.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება სხვადასხვა შეთანხმებასთან მიმართებაში, რომლებიც გამონაკლისის სახით მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნების სპორტული ფედერაციებისათვის.