საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ ფორმატში გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ მიიღო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/tbilisibookfair
ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი მკითხველებს სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს. წიგნების ონლაინ გამოფენა - გაყიდვა კი ფესტივალის ვებგვერდზე განხორციელდება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ტარდება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის ქვაკუთხედია წიგნის გამოფენა–ბაზრობა, რომელშიც ქართულ გამომცემლობებთან ერთად წლების განმავლობაში არაერთი უცხოური გამომცემლობა მონაწილეობდა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.