ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად 2001 წელს დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამდენად ევროპის საბჭო ფართოდ უწევს პოპულარიზაციას პლურილინგვალიზმს მთელს ევროპაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამა “ირბახის“ ფარგლებში ქართული ენის პოპულარიზაციისათვის მომზადებული ელექტრონული მასალები - ბროშურები, პოსტერები, კალენდარი, წიგნის სანიშნე ქართული ანბანით, მუსიკალური ვიდეოკლიპი „ქართული ანბანი“ — გვერდზე განათავსა, რაც მათი დათვალიერების, ჩამოტვირთვისა და ბეჭდვის საშუალებას იძლევა. http://geofl.ge/lego/sectember26.php?parent=68
ევროპის საბჭოს თანამედროვე ენების ევროპულ ცენტრს სპეციალური მრავალენოვანი ვებგვერდი აქვს შექმნილი ენების ევროპული დღისადმი, სადაც შესაძლებელია მრავალმხრივი ინფორმაციის მოძიება ამ დღის შესახებ. პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში მომზადდა ვებგვერდის ქართული ვერსია.