საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩინური საგზაო-სამშენებლო კომპანიებისაგან, საჯარო სკოლებისთვის დამატებითი რესურსის სახით, 850 უკონტაქტო თერმომეტრი სრულიად უსასყიდლოდ მიიღო.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძესთან ერთად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კუპატაშვილი და მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი ერაგია ესწრებოდნენ.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა კომპანიების წარმომადგენლებს Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში ხელშეწყობისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამატებითი აღჭურვილობის გადაცემისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს პრიორიტეტს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს, სწორედ ამ მიზნით 2020-2021 სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და სადეზინფექციო ხსნარებით სრულად უზრუნველყო.
"China State Construction Engineering Corporation Limited”, “Hunan Road and Bridge Construction Group” და “China Road and Bridge Corporation” - ეს ის კომპანიებია, რომლებმაც სამინისტროს სკოლებისთვის თერმომეტრები უსასყიდლოდ გადასცეს. ისინი E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის პირველ, მეორე და მესამე მონაკვეთების ახორციელებენ მშენებლობას.