განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის 22 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, სამ ნაკადად, ახორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”.
პროგრამა მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, საერთშორისო ბაზარზე ქართული სკოლების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მათი ინტეგრირების ხელშეწყობა; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინგლისური ენის სწავლისა და სწავლების ხელშეწყობა; მოსწავლეების ინგლისური ენის ფლობის დონის ამაღლება და საზაფხულო სკოლებში ჩართულ მასწავლებელთა და ლიდერთა კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლება.
პროგრამაში საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლის 1200 მოსწავლეა ჩართული, რომლებიც შეირჩა საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებიდან, გააჩნიათ ინგლისური ენის საბაზო ცოდნა და 2010 წლის მაისის მდგომარეობით ირიცხებიან მე-8, მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეებად. მოსწავლეები სამ ბაზაზე არიან განთავსებულნი - წყნეთის, ბაკურიანისა და წყალტუბოს. სამივე ბაზას სამი უცხოელი ექსპერტი ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოდან, გარდა ამისა, თითოეულ ბაზაზე არის ერთი უფროსი მასწავლებელი, 9 ინგლისური ენის მასწავლებელი და 9 ჯგუფის ლიდერი. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა 21 დღეა.
საზაფხულო სკოლის 1200 მონაწილედან კურსის დირექტორების, მასწავლებელთა და ჯგუფის ლიდერთა შეფასების საფუძველზე, შეირჩევა 108 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც გაემგზავრებიან გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირის ვადით.
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საზაფხულო სკოლის განმხორციელებელი ორგანიზაციის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს.