საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი საქართველოში პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ აკრედიტირებული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო და პროგრამის პირველ მსმენელებს შეხვდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გუბაზ კობერიძე .
ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით მომზადდა.
„ახალგაზდული მუშაკის“ საქმიანობა გულისხმობს არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული საკვანძო კომპეტენციების გადაცემას და ასევე იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამით პირველ ეტაპზე არაფორმალური განათლების მიმწოდებელი 30 პრაქტიკოსი გადამზადდება. მსმენელები საქართველოს 9 რეგიონში ღია კონკურსის გზით შეირჩნენ. კურსი 6 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში გაივლიან. კურსზე ყველა პროფესიული კოლეჯის თითო თანამშრომელია წარმოდგენილი და პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ.