საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ახლადაშენებულ ფილიალს ეწვივნენ და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირადად მიულოცეს.
186-ე საჯარო სკოლის 1300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი განათლებისა და მეცნიერების ქალაქში აშენდა და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა A და B ბლოკებისაგან შედგება - A ბლოკში განთავსდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, B ბლოკი კი განკუთვნილია საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული. მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც სათამაშო და დასასვენებელი ზონები მოეწყო.
ევროპული სტანდარტების სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები.
პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.