2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა. გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და გამარჯვება პირადად მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ.
მიხეილ ჩხენკელი: „პირველ რიგში, მინდა ჩვენს მასწავლებლებს მთელი გულით მივულოცო დღევანდელი დღე – მასწავლებლების საერთაშორისო დღე! მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. სიმბოლურია, როდესაც მთელი მსოფლიო მასწავლებლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ძალიან კარგი ტრადიცია. დღეს გამოვლინდა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. უნდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პროფესიაშია ჩართული, ეს იქნება სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტის პროფესორი თუ პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი, ყველა, ვინც განმანათლებლობას ირჩევს, უკვე გამარჯვებულია. ეს ადამიანები ემსახურებიან ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას, ჩვენი ახლაგაზრდების, ბავშვებისა და სტუდენტების განათლების საქმეს.
ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. ვგულისხმობ კორონავირუსუს პანდემიას, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენი ქვეყანა განათლების მიმართულებით დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო და ერთ კვირაში სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით შეიქმნა ეფექტური პროექტი „ტელესკოლა“.
ამ პროცესის ჭეშმარიტი გმირები არიან მასწავლებლები, რომლებიც იყვნენ ამ პროცესის წინა ხაზზე. თითოეულ მასწავლებელს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ ერთობლივად დავძლიეთ ეს გამოწვევა და მთავარი შევინარჩუნეთ – განათლების უწყვეტობა და ხარისხი.
კიდევ ერთხელ მსურს, ყველა მასწავლებელს მთელი გულით მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ თქვენს უაღრესად მნიშნელოვან საქმეში! თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირები!“
ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი.
ჯილდოს კონკურსში, ოთხი წლის განმავლობაში, ჩართული იყო 500-ზე მეტი მასწავლებელი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესარჩევი ჟიური დაკომპლექტებულია სფეროს წარმომადგენლებითა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სისტემის საშუალებით აფასებენ თითოეული მასწავლებლის აპლიკაციას, რის შედეგადაც დგება რეიტინგი.