საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა Home-ში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა HR პროფესიონალთა ასოციაციისა (HRPA) და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ორი მიმართულება განიხილეს: HR პროფესიონალების ჩართულობის გაზრდა პროფესიული განათლების სისტემაში და საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის პლატფორმის - TVET HOME შექმნას. ახალი პლატფორმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგი პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ. აღნიშნული მიზნით ექსპერტთა საბჭო შეიქმნება, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები შევლენ. TVET HOME -ის ფარგლებში ასევე დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან. პლატფორმა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ევროპეიზაციასაც და მის შრომის ბაზართან კიდევ უფრო დაახლოებას.
HR პროფესიონალთა ასოციაციასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ჩართულობის მნიშვნელობასა და მის როლს პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლების სფეროში HR სპეციალისტებთან თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: კვალიფიკაციების შემუშავება, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, პროფესიული პროგრამების შემუშავება, „უნარების სააგენტოსთან“ პოტენციური თანამშრომლობა, სტუდენტთა დასაქმება და ა.შ. აღნიშნული მიზნით შექმნილი ერთიანი პლატფორმა დაეხმარება კურსდამთავრებულებსა და საწარმოების ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელებს მოიძიონ თავისუფალი ვაკანტური ადგილები და ის საჭირო ადამიანური რესურსი, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციას ესაჭიროება.