საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგება.
წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ჰიბრიდულ ფორმატი ჩატარდება – ღონისძიებების ნაწილს ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურული, კულტურულ-სახელოვნებო სივრცე უმასპინძლებს, ხოლო ონლაინ ფორმატში დაგეგმილი ღონისძიებების ნახვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
14 ოქტომბერს, 20:00 საათზე (გერმანიის დროით), Roomers Frankfurt-ში, ბერლინში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონა გურული წარადგენს თავის ახალ წიგნს “Mohnfelder” (Corvinus Presse, 2020), მოდერატორობას მას გერმანელი ლიტერატორი სუზან შმიდტი გაუწევს.
17 ოქტომბერს,15:20 საათზე (გერმანიის დროით), Bookfest Digital-ის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული ფილმის ონლიან ჩვენება. ფილმში მონაწილეობენ: ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ფილმი საქართველოს ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებას, ოკუპაციას, ლიტერატურულ ცხოვრებასა და ისტორიას შეეხება.
500-წლიანი ისტორიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო ბაზრობაზე მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორებისა და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა. მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში ქართულ ლიტერატურასა და კულტურას არაერთი ღონისძიება მიეძღვნა.