საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და სიახლეებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, გუშინ დაიწყო სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნების პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების აუდიტორიებში ჩატარებას. პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს მშვიდობიანად და რაც მთავარია სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით.
რაც შეეხება დანარჩენ ლექციებს, რომლებიც უშუალო დასწრებას არ მოითხოვს, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, რომ ეს პროცესი დისტანციურად აწარმოონ. აქ მთავარი გახლავთ ის, რომ ყველა უნივერსიტეტში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით არის დაცული.
რასაკვირველია, იგივე ეხება სასკოლო სივრცეს. როგორც იცით, სრულად კონტროლდება სიტუაცია და იმ სკოლებში, სადაც ფიქსირდება კოვიდ შემთხვევები, ცხადია, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებით, სიტუაციიდან გამომდინარე, ხდება ან ცალკეული კლასის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა, ან სართულის, ან მთლიანად სკოლის იქიდან გამომდინარე, როგორი მასშტაბის სიტუაცია გვაქვს. აქ მთავარია, რომ შენარჩუნებული გვაქვს ბალანსი სწავლის ხელმისაწვდომობასა და ყველაზე მნიშვნელოვან, ადამიანის ჯანმრთელობის საკითხს შორის.
ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც მომავალ კვირას უკავშირდება. მოგეხსენებათ, საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული და არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო ოთხშაბათს, ხუთშბათს და პარასკევს ასეთი სკოლები დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ვიმეორებ, ეს არის დროებითი, იმისთვის რომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს, რაც ყველასთვის გასაგებია.
ასევე მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, რომ ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის გახსნა და მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია ყველას შეუძლია პირდაპირ ეთერში იხილოს.
რაც შეეხება მაღალი კლასების მე-7 მე-12 კლასების ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში დაბრუნებას, ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და კონკრეტულ თარიღს ჩვენ საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ. თუმცა, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდ-სიტუაციაზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი.
აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ განათლების სამინისტრომ ჩვენს საზოგადოებას შესთავაზა ონლაინ მეთოდის საკლასო ოთახებში სწავლის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ პირველი და მეექვსე კლასები სასკოლო სივრცეში სწავლობენ თუმცა, თუ მოსწავლეთა მშობლები აირჩევენ ონლაინ რეჟიმს, მათ ამის საშუალება აქვთ ნებისმიერ დროს. მოსწავლეთა დიდი ნაწილი უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ თუ ვინმეს აქვს სურვილი, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ონლაინ რეჟიმში გააგრძელოს სწავლა. ეს არის ძალიან მოქნილი სისტემა და თითოეულ ოჯახს აქვს არჩევანის საშუალება.
მთელი რიგი დეზინფორმაცია გავრცელდა უნივერსიტეტებთან მიმართებაში თუმცა, ყველა უნივერსიტეტში ზედმიწევნით დაცულია სამედიცინო პროტოკოლი. ჩვენ, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, პარალელურ რეჟიმში ვახდენთ უნივერსიტეტებზე დაკვირვებას. თუ დაფიქსირდება რაიმე გადაცდომა, ცხადია იქნება შესაბამისი რეაქცია.
ამჟამად ყველა უნივერსიტეტის აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები მიმდინარეობს და იქაც, უნივერსიტეტებს მიეცათ დავალება, რომ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი ყოფილიყო შემუშავებული, რის შესახებაც უნივერსიტეტებმა აცნობეს თითოეულ სტუდენტს. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული დისტანცია, ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში ყველა ადამიანი, სტუდენტი, პროფესორი, თანამშრომლები, ყველანი იყვნენ პირბადით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად ამას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.