ქალაქ დუშეთში მომავალი წლიდან ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის განვითარება დაიწყება. ადგილი, სადაც კოლეჯი აშენდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
განათლების სამინისტრო ტურიზმის პროფესიული კოლეჯის კონცეფციაზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლასთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მუშაობს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან პარტნიორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, კოლეჯის საპროექტო სამუშაოებს სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულების თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულების ამოქმედება, რომელიც საუკეთესო ევროპულ სკოლებთან ერთად ერთობლივ პროგრამებს დანერგავს, არის დიდი მოვლენა როგორც რეგიონისთვის ისე ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ მასშტაბის პროფესიული კოლეჯი ერთეულია არა მარტო რეგიონში არამედ, აღმოსავლეთ ევროპაშიც.