პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთი კოლეჯი შეემატა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ქალაქ კასპში პროფესიული კოლეჯი და ინოვაციების ცენტრი გახსნეს. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულებების ამოქმედება რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
თამარ ქიტიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ მოსახლეობას კოლეჯისა და ინოვაციების ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი ხელს უნდა შეუწყობს ადამიანების შესაძლებლობებისა და იდეების რეალიზებას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მინისტრის მოადგილის შეფასებით, შენობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას ქმნის, კოლეჯის ბაზაზე საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები დაინერგოს, რაც ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეძლონ დასაქმება.
კასპის კოლეჯი პირველ ეტაპზე პროფესიული მომზადება-გადამზადების შვიდი მოკლევადიანი პროგრამის განხროციელებას დაიწყებს. მომავალი წლიდან კი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მშენებლობის მიმართულების სადიპლომო პროფესიული პროგრამები დაინერგება.
გარდა აღნიშნულისა, კოლეჯის ტერიტორიაზე 7 ახალი სახელოსნოს მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2021 წლის პირველი ნახევრიდან სტუდენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო სივრცეში პრაქტიკული უნარების განვითარებას შეძლებენ.