კონკურსი ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” 2010 წლის იანვარში გამოცხადდა, 25 თებერვლს კი, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მასში საქართველოში არსებული ყველა სკოლა ჩაერთო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 10 000 - მდე ლიტერატურული და ფერწერული ნამუშევარი შემოვიდა.
რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს, ხოლო საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეებმა თავისუფალი თემები დაწერეს., სწორედ ამ ნამუშევრების საფუძველზე შეიქმნა ახალი წიგნი, რომელიც ღონისძიებაში მონაწილე საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს და მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.
კონკურსის ფინალისტები ცნობილი მწერლებისა და მხატვრებისაგან დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. I ადგილზე გასული კონკურსანტები მეოთხე კლასელი ანა გეგეჭკორი და მეათე კლასელი ბათუ ბიბლაია პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ ფულადი პრიზები 500 და 300 ლარის ოდენობით, 40-მდე მოსწავლეს კი ფინალურ ტურში გასვლისათვის სიგელები გადაეცათ.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. მისი მიზანია ფართო საზოგადეობისთვის ის ემოციები გახდეს ცნობილი, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში განიცადეს.