საქართველოს ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-8 საერთაშორისო ონლაინ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
ოქროსმედალოსანი გუნდის შემადგენლობაში არიან კომაროვის სკოლის მოსწავლეები: გუნდის კაპიტანი - ნიკა მალცევი, ირაკლი მიროტაძე, სანდრო ვაჩაძე, ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია, ლევან ლოლაშვილი და მათი ხელმძღვანელები: დიანა სოხაშვილი და გიორგი ბახტაძე.
ტურნირის ფარგლებში ქართველმა მოსწავლეებმა მაღალი შედეგი არაერთი მიმართულებით აჩვენეს: ნენე ჟვანიამ საუკეთესო ოპონირება გაუწია მონაწილეებს, ლევან ლოლაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მოხსენების ავტორი გახდა, ხოლო ნიკა მალცევის ნახევარფინალის მოხსენება, მთლიანი ტურნირის მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა.
2020 წლის ტურნირი 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის პერიოდში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 7 ქვეყნის 14 გუნდი იღებდა: შვეიცარიის, ხორვატიის, რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები, აგრეთვე რუსეთისა და საბერძნეთის 4-4 გუნდი და ყაზახეთის ორი გუნდი.
ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინტელექტუალური კონკურსია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების შესაძლებლობებს, წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები. კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული დავალებები ეხება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მონაწილეებისგან როგორც ექსპერიმენტულ, ასევე, თეორიულ კვლევას მოითხოვს.
აღნიშნული აქტივობების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლები მოწინავეთა რიგებში არიან და მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. პირველივე ტურნირზე, რომელიც 2013 წელს თურქეთის ქალაქ ესქიშექირში გაიმართა, საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა, 2014-2016 წლებში გუნდმა ზედიზედ სამჯერ ოქროს მედლები მოიპოვა; 2017-2019 წლებში (ნანკინი - ჩინეთი, თბილისი და მინსკი - ბელორუსი) კი საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. დღეისათვის საქართველო ახალგაზრდა ნატურალისტების მსოფლიო რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს.