COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში შრომის ბაზრის ფუნდამენტურად ახალი მიდგომების შესაქმნელად, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტი ,,შრომის ბაზრის ახალი ტენდენციები" (World Economic Forum’s Jobs Reset Summit) გაიმართმა. ოთხდღიანი ფორუმი ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში შრომითი უნარების კუთხით არსებობს. მისი თქმით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას. ახალგაზრდა თაობებისთვის იქმნება მეტი შესაძლებლობები, რათა განვითარდეს მეტი სტარტაპი და ჩამოყალიბდეს ინოვაციებზე ორიენტირებული სამეწარმეო აზროვნება.
თამარ ქიტიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს პროფესიული უნარების ახალი სააგენტოს – “The Skills Agency of Georgia” კონცეფციაც გააცნო, რომლის შექმნის მიზანია კერძო სექტორთან თანამშრომლობით პროფესიული განათლების განვითარება, შრომის ბაზარის მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვა, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერა, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი პროფესიული განათლების შესაძლებლობის შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია.
სამიტში ასევე მონაწილეობდნენ LinkedIn-ის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი ალენ ბლუ, Unilever-ის ადამიანური რესურსების მართვის ოფიცერი ლინა ნეარი და სხვა კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯერები.