თელავში კოლეჯ „პრესტიჟის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლდა როგორც ძირითადი სასწავლო კორპუსი, ასევე, გარე სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში პროფესიულმა სტუდენტებმა უკვე განაახლეს სასწავლო პროცესი. 500 სტუდენტზე გათვლილი რეაბილიტირებული კოლეჯი მომავალი წლიდან დაიწყებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო-პერსონალური სერვისებისა და სხვა პროფესიული მიმართულებით სადიპლომო და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვა, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით კოლეჯს აქტიურად ეხმარება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასევე, მნიშვნელოვან დახმარებას უწევს თელავთან დამეგობრებული ქალაქ ბიბერახის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2021 წელს კოლეჯის ტერიტორიაზე იგეგმება სხვადასხვა პროფესიების სახელოსნოების მშენებლობა, სადაც სტუდენტები თანამედროვე შრომის ბაზრის შესაბამის პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ.