განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას (ICF საქართველო) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „ICF საქართველოს“ პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქოუჩინგის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების დანერგვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან. სკოლებში შესვლამდე კოორდინატორებმა, საგნობრივმა, ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლებისა და ლიდერობის ექსპერტებმა ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს, რაშიც, აქტიურად იყო ჩართული „ICF საქართველო“.
მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის ხელშეწყობით, პილოტირების რეჟიმში პროცესი კვლავ გაგრძელდება და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება.