საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე თვითრეფლექსიის ინსტრუმენტის SELFIE-ს პილოტირების პროცესს იწყებს.
SELFIE ევროკომისიის მიერ შექმნილი ელექტრონული თვითშეფასების კითხვარია, რომელიც აფასებს, რამდენად იყენებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლები და კოლეჯები) ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლების პროცესში. კითხვარის დებულებები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: ლიდერობა, ინფრასტრუქტურა, მასწავლებელთა ტრენინგები და სტუდენტთა ციფრული კომპეტენცია.
SELFIE-ს ინსტრუმენტის პილოტირების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს, ევროპის განათლების ფონდისა (ETF) და ევროკომისიის გაერთიანებული კვლევების ცენტრის (JRC) წარმომადგენელების ერთობლივი ინიციატივით ვებინარი გაიმართა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი კერძო კომპანიების, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოში ევროკომისიის ოფისის წარმომადგენელთან ნინო ყოჩიშვილთან ერთად გახსნა და ისაუბრა SELFIE-ს ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე პროფესიული განათლების საფეხურზე.
ვებინარის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ შეფასების მიზნებს და პრაქტიკულად მოსინჯეს კითხვარის შევსების ინსტრუქციები.