ქობულეთში მულტიპროფილური პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ რეაბილიტაცია დასრულდა. განახლდა კორპუსის მთლიანი ფასადი, რომელიც მორგებულია რეგიონის კლიმატურ პირობებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად გამოიცვალა კოლეჯის სამივე ძირითადი შენობის სახანძრო სისტემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა.
პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ ინფრასტრუქტურა 1400 სტუდენტზეა გათვლილი. 2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე მულტიპროფილურმა კოლეჯმა 23 პროფესიულ პროგრამაზე 400-ზე მეტი სტუდენტი მიიღო. კოლეჯი ადგილობრივ მსხვილ დამსაქმებლებთან პარტნიორობით ახორციელებს 4 დუალურ პროგრამას ტურიზმის, კულინარიისა და შედუღების მიმართულებით.
გარდა ამისა, 2020 წელს კოლეჯმა პირველად დაიწყო ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება 3 პროფესიული მიმართულებით, რომლის გავლის შემდეგაც სტუდენტები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიულ დიპლომს მიიღებენ.
კოლეჯი „ახალი ტალღა“ ასევე აქტიურად ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს მშენებლობის მიმართულებით.
2020 წლის ბოლოდან კოლეჯში დაიწყება სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მშენებლობა, სადაც სტუდენტები პრაქტიკული სწავლების კომპონენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გაივლიან.