საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „როგორ უმკლავდებიან რეგიონული მუზეუმები კრიზისს“. მინისტრის მოადგილემ პანდემიისას მუზეუმების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს მათი ეტაპობრივად გახსნისა და ფუნქციონირების შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
კონფერენცია ICOM-ის რეგიონული მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტისა და ICOM საქართველოს თანამშრომლობით და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობით იმართება. 9-12 ნოემბერს მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობას სამუზეუმო სფეროს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და ექსპერტები იღებენ.
კონფერენციის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორებიცაა: რეგიონული და პატარა მუზეუმების რეაგირება პანდემიის დროს და კრიზისის შემდეგ მათი გახსნის პროცესი, ღონისძიებები და მეთოდები შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, კრიზისის პერიოდში ციფრული პლატფორმების გამოყენება და სახელმწიფოს მხრიდან რეგიონული მუზეუმების ხელშეწყობა.
კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდება რამდენიმე ვირტუალური ტური საქართველოსა და საზღვარგარეთის მუზეუმებიდან.