საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ისტორიკოს გოჩა ჯაფარიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
გოჩა ჯაფარიძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახალი და უახლესი და შუა საუკუნეების განყოფილებების გამგე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი და პროფესორი; კულტურის ცენტრის დირექტორი დამასკოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში, ასევე, ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში.
გოჩა ჯაფარიძე ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის, მათ შორის: „ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან IX-XIX სს“, „საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში“, „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“, „ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში“ და სხვა. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აკადემიურ გამოცემებში ქართულ, ევროპულ და არაბულ ენებზე.
გოჩა ჯაფარიძეს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.