ქართველი რეჟისორის, გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი - „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანში, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
ფესტივალზე, სადაც 123 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გოგი თორაძის ფილმი დასახელდა ლაურეატად და ერთ-ერთ გამარჯვებულად ნომინაციაში - მოკლემეტრაჟიანი სატელევიზო ფილმები ფეხბურთზე.
24-წუთიან დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ძმები არველაძეების ისტორია, რომლებიც მსოფლიოში გამოირჩევიან, როგორც სამი ძმა, ვისაც ერთდროულად უთამაშია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.
გოგი თორაძემ შოთა, არჩილ და რევაზ არველაძეების შესახებ დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე წარსადგენად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით მოამზადა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გოგი თორაძის ფილმი ქართული ფეხბურთის ისტორიაზე - „ჩვენი ფეხბურთი“ ასევე მილანის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო ფილმმა „ქართული კალათბურთი“ იტალიაში გამართულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო.
ქართველი კინორეჟისორი სპორტული თემატიკის სხვა არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორი და სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატია.