საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ დისტანციურ რეჟიმში გამართა შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მიზანს ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის ახალი საჭიროებებისა და მათი მოგვარების გზების დადგენა წარმოადგენდა.
დამსაქმებელთა ასოციაციამ სამინისტროს იმ გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის წინაშეც კერძო სექტორის წარმომადგენლები დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების კუთხით დგანან.
შეხვედრის ფარგლებში თამარ ქიტიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ყველა იმ საკითხის განხილვა-გადაწყვეტაში, რომელიც სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებას უკავშირდება.
თავის მხრივ, დამსაქმებელთა ასოციაცია მზადაა, დაეხმაროს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კერძო სექტორთან ეფექტიან თანამშრომლობასა და კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში.