ქალაქ ჯვარში, კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობას იწყებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სახელოსნოებში იატაკისა და ფილის სამუშაოების, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის, საბათქაშე სამუშაოების წარმოებისა და სამღებრო სამუშაოების შესრულების პროფესიული პროგრამების სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის გავლას 2021 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ.
კოლეჯი „ლაკადა“ სტუდენტებს სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ელექტროობის, სამკერვალო წარმოების, კულინარიისა და საფინანსო მომსახურების მიმართულებით 10 განსხვავებულ პროფესიულ პროგრამას სთავაზობს.
სასწავლებელი ახორციელებს როგორც მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს, ასევე, ინტეგრირებულ პროგრამებს, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან ერთად სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომსაც მიიღებს. შესაბამისად, მას უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.