ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და მობილობის შემცირების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით დისტანციურად წარიმართება.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, უფლება ეძლევათ, პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
ძალაში რჩება უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება დიდი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის, თელავის, გარდაბნისა და მარნეულის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დისტანციურ რეჟიმში დასრულების შესახებ.
ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „გაგაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებებს განათლების სფეროსთან დაკავშირებით. უწყებათაშორისმა საბჭომ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებს. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში.
რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უკვე გადასული არიან დისტანციურ რეჟიმზე, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ძალაშია.
რაც შეეხება დიდ ქალაქებში პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისინი სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე, გარდა მედიცინის აკადემიური პროგრამებისა. როგორც მოგეხსენებათ, სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. უნივერსიტეტებს ექნებათ იმის უფლება, რომ მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად.“