3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ქობულეთის კოლეჯში „ახალი ტალღა“ შშმ პირებისთვის განხორციელებული პროფესიული გადამზადების პროექტის შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
ქობულეთის პროფესიულმა კოლეჯმა „ახალი ტალღა“, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მხარდაჭერით, პროფესიული მომზადების პროგრამა „სასტუმროს მიღება-განთავსების პროცედურები“ განახორციელა. პროგრამა შშმ პირებისთვის იყო განკუთვნილი და სასტუმრო საქმის დაუფლების მიზნით მათ გადამზადებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას ითვალისწინებდა. პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
სასწავლო პროცესი დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით მიმდინარეობდა. პროცესს კოლეჯის პარტნიორი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ წარმომადგენელი უძღვებოდა. სასტუმროს მიერ ასევე უზრუნველყოფილი იყო სასტუმროს მართვის ელექტრონული პროგრამის გამოყენება და ონლაინ სივრცეში რეალური სამუშაო გარემოს წარმოდგენა (ვირტუალური ტურის სახით).
სასტუმრო საქმის პროფესიული პროგრამა ათმა შშმ პირმა გაიარა. მათგან ორი კურსდამთავრებული სასტუმროში „ჰილტონ ბათუმი“ დასაქმდა. ეპიდსიტუაციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო მზადაა, კიდევ ორი კურსდამთავრებული დაასაქმოს. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სასტუმროებთანაც.
შემაჯამებელ შეხვედრაში კურსდამთავრებულები, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი, სოფიო ბენაშვილი, პროგრამის კოორდინატორი, კოლეჯის „ახალი ტალღა“ და სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.