10 დეკემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მთავარი თემა სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ხსენებული საკითხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული მთავრობების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.
კვლევების მიხედვით, ევროპაში ხუთიდან ერთი ბავშვი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის რაიმე ფორმის მსხვერპლია, ხოლო მოძალადეთა 80 პროცენტი ბავშვის ნდობის წრის წარმომადგენელი. პრობლემა კიდევ უფრო მეტად აქტუალურია სპორტის სფეროში, რომელიც ქმნის დამატებით ხელშემწყობ ფაქტორებს ძალადობის ხელშეწყობისათვის. კამპანია ემსახურება მიზანს, თითოეული მსხვერპლი ბავშვისა და მოზარდის დუმილის დასარღვევად.
კამპანია ‘Start to Talk’ მხარს უჭერს სპორტულ საზოგადოებას სპორტში არსებული მანკიერებების გამოვლენაში, პრევენციასა და საერთო ძალისხმევით მათ მინიმუმამდე დაყვანაში. აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობით მთავრობები, სპორტული კლუბები, ფედერაციები, სპორტსმენები, მწვრთნელები და სფეროს მოღვაწეები იღებენ პასუხისმგებლობას სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მისაღებად.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით.
აღნიშნული კამპანია თავის მხრივ „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებს ემსახურება, რომელსაც საქართველო რატიფიკაციის გზით 2014 წელს შეუერთდა.