საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს (GIDE)“ შორის საგანმანათლებლო დებატების განვითარებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და GIDE-ს ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია განათლების სისტემაში საგანმანათლებლო დებატების დანერგვა-განვითარების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებისთვის თუ ზრდასრულთათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაფორმდა. პროექტის მიზანს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებისა და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ პირველი ეტაპი 2020 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიცირება და აქტივობების დისტანციურ ფორმატში გადატანა.