საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, გარდა იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მყისიერად გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით.
მიხეილ ჩხენკელი: „უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საფუძველზე სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დაფინანსების მიზნით. სოციალური დახმარებით ისარგებლა 14799 სტუდენტმა. აღნიშნულ სტუდენტებს ასევე უფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანება.
შემუშავდა ტრენინგ-კურსი „Covid-19“, რომლითაც გადამზადდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელები. გადამზადებული სტუდენტები მოხალისეობრივად უკვე ჩაერთვნენ კოვიდის მართვის პროცესში“.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. მათ შორის, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებულ სტუდენტებზე გაცემულ სახელმწიფო სტიპენდიებს 16 უმაღლესი სასწავლებლის 3243 სტუდენტი მიიღებს. გაიცემა ასევე დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები - 2020-21 სასწავლო წელს ამ სტიპენდიით 6 სტუდენტი ისარგებლებს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსდნენ 13 მოწყვლადი კატეგორიის სტუდენტები, მათ შორის, შშმ პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, მრავალშვილიანები და ა.შ. 2020-2021 სასწავლო წელს გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა და ა. შ.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, 2020 წლის გამოცდების მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სრულყოფილად ჩატარებისთვის, საგანგებო მზადება პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. შედეგად, დადგენილ ვედებში გამოცდები ჩატარდა მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების სრული დაცვით.