საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტის მიმართულებით მიღწეული შედეგების, სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემიით გამოწვეული რეალობის მიუხედავად, 2020 წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო.
სამინისტრომ წარმატებით დაძლია პანდემიის პირობებში სპორტის მიმართულებით წარმოქმნილი გამოწვევა და შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავა პროფესიული სპორტის პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც სპორტსმენებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი განაახლეს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ოლიმპიური წლის წინ.
გასული წლის სპორტული მოვლენების შეფასებისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით აღნიშნა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა რვა ერის გათამაშებაში, რომლის უფლებაც ნაკრებმა საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის აქტიური მუშაობის შედეგად მოიპოვა, რაც ქართული რაგბის უდიდესი აღიარებაა.
მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში მასობრივი სპორტის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე. პირველად ისტორიაში, ეროვნულ დონეზე მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ მოიპოვა ევროკავშირის გრანტი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიახლეა საკანონმდებლო მიმართულებითაც - სამინისტრომ შეიმუშავა მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია და გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. სტრატეგია მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: სკოლამდელი ფიზიკური აღზრდა, სასკოლო სპორტი და ფიზიკური აღზრდა, საუნივერსიტეტო სპორტი და სპორტი ყველასათვის.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ასევე შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ, რომელიც მზად არის პარლამენტში წარსადგენად.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს სპორტზე ხელმისაწვდომობა. პანდემიის მიუხედავად, თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ შეჩერებულა. გარდა ამისა, იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნების, სტადიონების, საწყლოსნო კომპლექსების, საჩოგბურთო კორტების, ყინულის დარბაზების, აკადემიებისა და ცენტრების, სპორტის უნივერსიტეტისა და კოლეჯის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით“.
მინისტრობის კანდიდატმა სპორტის დაფინანსებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, სპორტის დაფინანსება ორნახევარჯერ გაიზარდა და ბიუჯეტი კვლავ გაიზრდება. სამინისტროს გუნდის გადაწყვეტილებით, ვეტერან სპორტსმენთა მხარდაჭერის მიზნით, ოლიმპიური და პარალიმპური ჩემპიონების მსგავსად, სტიპენდიები დაენიშნებათ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს. მომავალშიც გაგრძელდება სპორტსმენების სასტიპენდიო პროგრამები.
ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანია პარასპორტი და შედეგიც სახეზე გვაქვს - პირველად ქართული სპორტის ისტორიაში გვყავს პარალიმპური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. კვლავ გაგრძელდება ზრუნვა: პარასპორტის განვითარებაზე, სპორტში შშმ პირთა ჩართულობასა და ხელმისაწვდომობაზე. ამ მიზნით, თბილისში იგეგმება ახალი ეროვნული პარაცენტრის მშენებლობა.
საუბრის დასასრულს, მიხეილ ჩხენკელმა მომავალი წლის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაზე, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქართველ ოლიმპიელებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სამინისტროსა და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სრული ხელშეწყობა აქვთ და მომავალშიც ექნებათ. მან საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას წარმატება უსურვა.