ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და კვალიფიკაციების მოთხოვნა-მიწოდების შესახებ კვლევა განხორციელდა. კვლევის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
კვლევის მიზანს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და პროფესიული კვალიფიკაციების მოთხოვნისა და მიწოდების შეფასება წარმოადგენდა. კვლევა მოიცავდა საქართველოს 10 რეგიონს, თბილისსა და 69 მუნიციპალიტეტს და მასში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მოსწავლეების, სტუდენტების, დამსაქმებლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ქვეყნის, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით და იმის განსასაზღვრად, თუ რა ტიპის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბება და გაფართოვებაა რეკომენდებული რეგიონების დონეზე. კვლევა ასევე შეუწყობს ხელს, განისაზღვროს, თუ რა ტიპის პროფესიული პროგრამების (გრძელვადიანი და მოკლევადიანი) დანერგვაა აუცილებელი რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებული მოთხოვნის შესაბამისად.
კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.