საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას 2020 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო, მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობასა და ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „ყოველწლიურად იზრდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლების რაოდენობა. პანდემიის მიუხედავად, წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო.“
2012 წლის შემდეგ მუდმივად მზარდი სპორტის ბიუჯეტი გახდა წინაპირობა იმ დიდი წარმატებების, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე მოიპოვეს. სპორტული ორგანიზაციების მძლავრმა ფინანსურმა მხარდაჭერამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ასობით მედალი მოუტანა. 2019 წელს კი დაფიქსირდა მედლების რეკორდული მაჩვენებელი, ჯამში 1258, მათ შორის 473 ოქრო.
მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო მაღალი რანგის ტურნირებს, კერძოდ, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. 2012 წლიდან ჩვენმა ქვეყანამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველომ დაიმსახურა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელი პირების ნდობა, რამაც განაპირობა დიდი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის უფლების მოპოვება. გასულ წლებში საქართველოში ჩატარდა – ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩი ფეხბურთში და მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდელ მორაგბეთა შორის. წყალბურთის, კრივის, ხელბურთის ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატები და ბევრი სხვა მაღალი რანგის ტურნირი.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მასობრივი სპორტის განვითარებაა. სწორედ ამიტომ, წარმატებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: ევროპის სპორტის კვირეული, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტის საერთაშორისო დღე – „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და მსოფლიო რბენა. მასობრივი სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარებაზე.
ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისში და რეგიონებში აშენდა არაერთი, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზი თუ არენა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. დაგეგმილია და იანვრიდან დაიწყება, თბილისის პარაცენტრის მშენებლობა. პარასპორტის განვითარება, ასევე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
გასული წლის სპორტული მოვლენების შეფასებისას მიხეილ ჩხენკელმა, ყურადღება გაამახვილა პანდემიის გამო წარმოქმნილ გამოწვევებზე, რასაც სამინისტრო და სპორტული ორგანიზაციები ერთობლივი მუშაობით ღირსეულად გაუმკლავდნენ და შესაბამის უწყებებთან ერთად შედგენილი სპორტის პროტოკოლით სპორტსმენებს ვარჯიშებისა და სპორტული ღონისძიებების განახლების საშუალება მისცეს.
პრეზენტაციის ბოლოს მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომლისთვისაც ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან. მინისტრმა მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ ოლიმპიელებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ სამინისტროსა და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიცენზიო ტურნირები, რომელზეც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები უნდა გათამაშდეს. სამინისტრო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს ელოდება ტრადიციულ სპორტის სახეობებში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, ტყვიის სროლა და ტანვარჯიში.