საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ონლაინ შეხვედრაზე სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის, პარტნიორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებმა პროფესიული პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ცვლილებებსა და პროფესიული განათლების სისტემის შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
თამარ ქიტიაშვილმა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების ოფისს. მისი თქმით, განვითარების პროგრამა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია, რომელიც ქვეყანაში ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მხარდასაჭერად მომზადება-გადამზადების პროგრამებს განსაკუთრებული როლი ეკისრება. ბევრმა ქვეყანამ პანდემიის პერიოდში დაიწყო ამგვარი პროგრამების დანერგვა. საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა კი გამოწვევას მომზადებული შეხვდა.
თამარ ქიტიაშვილმა ასევე ისაუბრა მომზადება-გადამზადების კომპონენტში კერძო სექტორის როლზე, მისი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს პროფესიული განათლების მართვის მოდელში დაგეგმილი ცვლილებები კერძო სექტორის მეტ დაინტერესებას გამოიწვევს.