პროფესიულმა კოლეჯმა „იბერია“ დაინტერესებული პირებისთვის პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინოვაციური პროექტი „რობოტიკის სკოლა“ წარადგინა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
რობოტიკის სკოლა ახალი სასწავლო პლატფორმაა, რომლის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს Arduino-ს მუშაობის პრინციპები, რობოტის კონსტრუირება, მიკროელექტრონიკის საწყისები და შექმნეს ჭკვიანი მოწყობილობები.
პროექტის მიზანია, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს იმ დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ, ფეხი აუწყონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და თავად შექმნან ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ცხოვრებას გაუადვილებთ. პროგრამის შესწავლას არ გააჩნია ცოდნისა და უნარების რაიმე წინაპირობა და განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ახალ საქმიანობას.
პროექტში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეესწავლათ რობოტების აგება და პროგრამირების საფუძვლები. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ააგეს თვითმართვადი რობოტები, რომელზე დაყრდნობითაც მოახერხეს რობოტის კონსტრუირება, წრედის აგება და სამართავი ბრძანებების შესაბამის კოდში გაწერა. 20 საათიანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა როგორც აუდიტორიული სწავლების ფორმატში, ასევე, ონლაინ სივრცეშიც.
პროექტის შემდგომი ეტაპების განხორციელების ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.