ქალაქ მარნეულში პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
ქვემო ქართლში რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსის“ გარდა, პროფესიული განათლების მიღება უკვე მარნეულში, „მოდუსის“ ახალ სასწავლო ბაზაზე გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად ადაპტირებულია, აქვს კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.
კოლეჯი მარნეულისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებითა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.