საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს:
„დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა – ქართული თეატრის დღე!
საგულისხმოა, რომ საქართველოში ამ დღის აღნიშვნას უკვე 171 წლიანი ტრადიცია აქვს და 1850 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც პირველი სკოლის შენობაში, გიორგი ერისთავის კომედიის „გაყრა“ პრემიერა შედგა.
მთელი გულით ვულოცავ ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს! ვუსურვებ შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული თეატრის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე შორეულ წარსულში იღებს. უფლისციხეში შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას.
ისტორიის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში თეატრალურ-სანახაობით კულტურას არ შეუწყვეტია განვითარება. მართლაც საამაყოა, რომ საქართველოში თეატრის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.
1881 წელს, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ივანე მაჩაბელმა, ვასო აბაშიძემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა დააარსეს საქართველოს თეატრალური საზოგადოება, რომლის პირველ თავმჯდომარედ თავად ილია აირჩიეს.
მოგეხსენებათ, რომ თეატრის როლი უდიდესია თანამედროვე და პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ეროვნული ცნობიერების ამაღლებაში.
დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქვეყნის კულტურული ცხოვრება სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. 2020 წელი ქართული თეატრისთვის რთული აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით ქვეყანაში კულტურული ცხოვრების შენარჩუნება. ქართული თეატრი ინოვაციურად მიუდგა სპექტაკლების მაყურებლამდე მიტანას და ისინი ვირტუალურ და ღია სივრცეებში გადაიტანა. ამ პერიოდში დაიდგა 50-მდე ახალი სპექტაკლი, ჩატარდა ყველა ტრადიციული ფესტივალი. უფრო მეტიც, სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა ახალი „ციფრული თეატრის ფესტივალი“, სადაც უმნიშვნელოვანესი იყო ახალგაზრდა შემოქმედთა ჩართულობა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგება ქართული თეატრის გვერდით და მხარს დაუჭერს თეატრალური ცხოვრების განვითარებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ მეტ პრემიერას, ფესტივალებს, ბევრ მაყურებელსა და გულწრფელ აპლოდისმენტებს.“