საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს, 60 წლის იუბილეს ულოცავს:
„ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული ადამიანებით, პროფესიონალებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულად გამორჩეული სპორტსმენები, რომლებმაც გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მთელი ეპოქა შექმნეს.
სწორედ ასეთი გახლავთ მაია ჩიბურდანიძე, ლეგენდარული მოჭადრაკე, ვინც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.
ქალბატონმა მაიამ, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად, აბსოლუტურად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა.
მაია ჩიბურდანიძე გახლავთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც 9 ოქროს მედალი მოიგო. მასვე ეკუთვნის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერის წოდება, ჭადრაკის „ოსკარის“ ოთხგზის გამარჯვებულის ტიტული და არაერთი ინდივიდუალური პრიზი.
მთელი გულით ვულოცავ ქალბატონ მაია ჩიბურდანიძეს 60 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.“