საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ფორუმში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში 2020 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამეს, სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სკოლის მოსწავლეთა განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სასკოლო კულტურის გარდაქმნასა და სწავლა-სწავლების პროცესში ინკლუზიური და არაფორმალური განათლების კომპონენტების გაძლიერებაზე ისაუბრა.
ეკატერინე დგებუაძე: „სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც თითოეული მოზარდის საჭიროებებსა და თავისებურებებზე იქნება მორგებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობები. ამ მიმართულებით მინდა, გამოვყო სასკოლო კულტურის განვითარების მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა თვითგანვითარებას, მოზარდებისა და მასწავლებლების ურთიერთანამშრომლობასა და ერთმანეთზე ზრუნვას.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო გეგმის თანახმად, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინკლუზიური და არაფორმალური განათლების კომპონენტის ინტეგრირებას, რაც სწავლა-სწავლების პროცესს თითოეული მოსწავლისთვის კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. მოსწავლეთა შეფასების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის კომპლექსური დავალებების შეთავაზება, რაც საშუალებას აძლევს მოზარდებს, განავითარონ შემოქმედებითი აზროვნება და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.“
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებიც ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები და აღნიშნა, რომ მათ სასკოლო კულტურისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური სესიები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და მონაწილეები პროექტში ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებულ კომპლექსური დავალებების ნიმუშებსაც გაეცნენ.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლიდან მიმდინარეობს, პროექტი 2024 წლამდე გაგრძელდება და საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლას მოიცავს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი გულისხმობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ახალგაზრდებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.