საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პოლონეთის „განათლების განვითარების ცენტრმა“ ერთობლივი პროექტის „მეგობრული სკოლის“ ფარგლებში ქალაქ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას განმავითარებელი რესურსები გადასცეს.
განმავითარებელი და შემოქმედებითი რესურსები სხვადასხვა საგანმანათლებლო საშუალებებს მოიცავს, რომელთა სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენება მოსწავლეებში აკადემიური და კოგნიტური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
ორწლიანი პროექტის „მეგობრული სკოლის“ განხორციელება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით 2019 წელს დაიწყო და მის მთავარ მიზანს საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს სპეციალური ტრენინგები პოლონეთში, კერძოდ, კრაკოვსა და ვარშავაში, ჩაუტარდათ. ტრენინგები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების, კერძოდ, დისლექსიის, აუტიზმის სპექტრის, მხედველობის დარღვევისა და ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა ინკლუზიური განათლების თემატიკაზე ვორკშოფებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი განათლების სამინისტრო და საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულეს.
გარდა ამისა, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პოლონელი ექსპერტების მიერ შემუშავდა თერაპიული მუშაობის ნიმუშები და ჩაიწერა შესაბამისი ვიდეოგაკვეთილები. ამასთან, მასწავლებლებისთვისა და მშობლებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მინიჭებისა და სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა რეკომენდაციებს აერთიანებს.