მსოფლიო ბანკის პროექტის - „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ - ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, 2021 წლის 4 თებერვალს საქართველოს პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები დაიწყო.
მსოფლიო ბანკის უშუალო მხარდაჭერით დაგეგმილია, პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერების პროცესებში მონაწილე საქართველოს წამყვანი სამინისტროებისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის იმ საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გაძლიერებასა და დასაქმების გაზრდას. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო შესაბამისი ინსტიტუციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების ტრენინგმოდულები, რომლებსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრენინგების საერთაშორისო ცენტრის (ITC ILO) ექსპერტები განახორციელებენ.
საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შედეგად, განისაზღვრება ის სამომავლო ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიული უნარების მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის შემცირებას, პროფესიული უნარების პროგნოზირების სისტემის დახვეწას და პროფესიული უნარების განვითარებისთვის საჭირო სექტორული მიდგომების გაძლიერებას.
„პროფესიულ უნარებზე, მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი მრავალი ქვეყნის გამოწვევაა. საქართველოს პროფესიული განათლების სისტემისთვის შრომის ბაზრის მონაცემების მოძიება და დამუშავება გადამწყვეტია ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დანერგვისთვის. ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისია, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დასაქმებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა.
აღნიშული საერთაშორისო ექსპერტებისა და ტრენერების დახმარებით შესაძლებელი გახდება პროფესიული უნარების პროგნოზირების სისტემის შემუშავება, რაც ახალგაზრდებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს გაუადვილებს მომავლის მოთხოვნადი უნარების შეძენისთვის საჭირო გადამზადების პროგრამების შერჩევას; აგრეთვე, ხელი შეეწყობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის საჭირო ახალი საგანმანათლებლო სერვისების განვითარებას.