საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რინა კალიურანდს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესძლებლობები განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით Covid-19-ის პანდემიის პირობებში. მინისტრმა ელჩს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის საფუძველზე 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ზოგადი განათლების მიმართულებით ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი, რომელიც საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას ითვალისწინებდა. შედეგად, შეიქმნა მესამე თაობის დოკუმენტი, რომელიც თითოეული მოსწავლის უნარების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისა და განათლების ექსპერტების მობილობის საკითხებიც.
მიხეილ ჩხენკელმა და რინა კალიურანდმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ორი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებისა და ესტონეთის მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე. მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ორიენტირებულია ხარისხზე, შესაბამისად, სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან, რომელსაც ეფუძნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც არიან ჩართული.
მინისტრმა ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა, სადაც განთავსდება ორი ციკლოტრონი. აქედან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება უცხოელ მეცნიერთა ჩართულობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ესტონეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობას. ესტონეთის ელჩმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.