საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) განხორციელების დეტალები განიხილა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
თავის მხრივ, სებასტიან მოლინეუსმა კიდევ ერთხელ მისცა მაღალი შეფასება დისტანციური სწავლების პროცესში სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავებულ იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს ონლაინ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.
„ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის 102, 7 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, პროექტი არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ უფრო ცხადი გახდა სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებები. ამ მიმართულებით, თავის მხრივ, სამინისტრო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს, თუმცა დისტანციური სწავლების დანერგვამ ეს საჭიროებები კიდევ უფრო გამოკვეთა.
მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსთან საქართველოში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებითა და ინვენტარით სამინისტროს მიერ საქართველოს ყველა სკოლა აღიჭურვა. მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თუ როგორ მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვა, სამინისტროს მხრიდან სისტემატური მონიტორინგი ხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, პროფესიული განათლების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელს, რომლის საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.
შეხვედრის დასასრულს, მხარებმა იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება და სამინსიტროსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ონლაინ რეჟიმში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მსოფლიო ბანკის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერი, უფროსი ეკონომისტი, I2Q პროექტის ხელმძღვანელი სორენ ნელემანი და განათლების სექტორის უფროსი სპეციალისტი, I2Q პროექტის ხელმძღვანელი ნინო ქუთათელაძე ესწრებოდნენ.