მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სახელმწიფო საგრანტო კონკურსები გამოცხადდა. აღნიშნული კონკურსების მთავარი ამოცანაა მეცნიერების როლის, მისი მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გამოცხადებულ კონკურსებს შორისაა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი. პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 აპრილია.
გამოცხადებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსიც. პროექტი დაინტერესებულმა აპლიკანტებმა 18 მაისამდე უნდა დაარეგისტრირონ.
მიმდინარეობს განაცხადების მიღება საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების შერჩევას და გამოქვეყნებას. ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მარტი.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართათვის გამოცხადებულია კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის და მათში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. პროექტების წარდგენა შესაძლებელია 8 აპრილის ჩათვლით.
25 აპრილამდეა შესაძლებელი მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსისთვის პროექტის დარეგისტრირება.
წელს პირველად გამოცხადდა კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი. პროექტის დარეგისტრირება 8 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.
კონკურსების შედეგები დადგენილ ვადებში გახდება ცნობილი. დეტალური ინფორმაცია თითოეული კონკურსის შესახებ იხ. ბმულზე: https://rustaveli.org.ge