საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) კლასტერული ოფისის დირექტორთან კრისტა პიკატისთან. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში და საქართველოში განხორციელებული არაერთი მხარდამჭერი პროგრამისთვის. მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო Covid-19-ის მასშტაბური კრიზისის ფონზე UNESCO-ს მიერ ორგანიზებული მინისტერიალები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილებებს უზიარებდნენ, როგორც პანდემიის მართვის, ასევე, განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. UNESCO-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა მინისტერიალზე მეცნიერთა, კულტურის მოღვაწეთა შეკრებამ, მათმა ერთობლივმა ძალისხმევამ, საერთაშორისო თანამშრომლობამ, ინფორმაციისა და იდეების გაცვლამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია სტაბილურობის მისაღწევად.
თავის მხრივ, UNESCO-ს კლასტერული ოფისის დირექტორმა კრისტა პიკატიმ მინისტრს ოფისის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა.
შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ეფექტური სერვისების მიწოდება გახდა. შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებულად გამოჩნდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა საგანმანათლებლო სკოლებსა და მასწავლებლების გადამზადების აუცილებლობა IST-ის მიმართულებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია იუნესკოს მხარდაჭერა, რაზეც კრისტა პიკატიმ მზაობა გამოთქვა. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
მინისტრის თქმით, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ორი ძირითადი მიმართულებით იმოქმედა: Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინ სწავლება დანერგა და პირველ არხთან თანამშრომლობით დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, დისტანციური სწავლების სერვისი არჩევის შესაძლებლობა შენარჩუნდა, ასევე, გაგრძელდა პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც პანდემიის პირობებში ხელმისაწვდომობის პრობლემა მოხსნა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საჯარო სკოლებში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამის “Minecraft Education Edition” დანერგვის შესახებ, რომელიც სრულად პასუხობს 21-ე საუკუნის პედაგოგიურ მიდგომას და სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა მეცნიერების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ფუნდამენტური კვლევების, ასევე, Covid-19-თან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ხელშეწყობაში გამოიხატება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სფეროში UNESCO-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე, ტურისტული მარშრუტების შექმნის მიმართულებით. მიხეილ ჩხენკელი და კრისტა პიკატი შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება.