პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციასა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (ICDC) შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ და ცენტრის პრეზიდენტმა მაკა კუკავამ მოაწერეს ხელი.
მხარეთა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული განათლების სისტემის განვითარებასა და მის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, ასევე, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებას და საზოგადოებაში პროფესიული განათლების მიმართ ცნობიერების ამაღლებას.
მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების ხარისხის განვითარება და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის პარტნიორობისა და პროფესიული განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად შეიქმნება პლატფორმა – TVET HOME, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო-კერძო დიალოგის ხელშეწყობასა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული სტუდენტების დასაქმების, თვითდასაქმების, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. პროფესიული განათლებისა და კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციას, ასევე, პროფესიულ ორიენტაციასა და კარიერულ დაგეგმვას.